A version of this post is available in English.
საქართველოს შრომის კანონმდებლობაში განხორციელებულმა ძირეულმა რეფორმებმა სარგებელი უნდა მოუტანოს ქვეყანას. ახალი შრომის პოლიტიკა გავლენას მოახდენს ბიზნესზე ყველა სექტორსა და რეგიონში მთელი ქვეყნის მასშტაბით. 2020 წლის, 29 სექტემბერს გატარებული რეფორმები საგრძნობლად გაზრდის დასაქმებულთა უფლებების დაცვას, დაამკვიდრებს უსაფრთხოების სტანდარტებს და დაიცავს თანამშრომლებს დისკრიმინაციისგან. გარდა ამისა, უზრუნველყოფს შრომის ინსპექციის დამოუკიდებლობას, რომელიც არ ფუნქციონირებდა 2006 წლის შემდეგ.
რეფორმა ხორციელდება შრომის უსაფრთხოების სფეროში დაწყებული ძვრების კვალდაკვალ, რომელიც მოიცავს 2018 წელს მიღებულ შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონს და 2019 წლის შესაბამის ცვლილებებს. აღნიშნული რეფორმის ერთ-ერთი მიზეზი გახდა მაღაროებსა და სამშენებლო სექტორში დასაქმებულთა სიკვდილიანობის საგანგაშოდ მზარდი მაჩვენებელი ქვეყანაში.
2018 წლის შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი მხოლოდ მაღალი რისკის მქონე სექტორებს ეხებოდა. თუმცა, 2019 წელს მიღებულმა ცვლილებებმა ეკონომიკის ყველა დარგი მოიცვა. ახალი დებულებები, რომელიც შრომის ინსპექციას ანიჭებს უფლებამოსილებას წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეამოწმოს საწარმოები და ყველა კომპანიას ავალდებულებს, ადგილზე ჰყავდეთ უსაფრთხოების სპეციალისტები, ძალაში შევიდა 2019 წლის სექტემბერში. თუმცა, კოვიდ პანდემიის გამო მათი შესრულება დროში გაჭიანურდა.
ახალი კანონმდებლობა სარგებელს მოუტანს საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით. იქიდან გამომდნარე, რომ ეკონომიკური, სოციალური და კორპორატიული მართვის სტანდარტების მხარდაჭერა გაიზარდა ინვესტორებში, განსაკუთრებით ევროკავშირიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოსულ ინვესტორებში, შრომის კანონმდებლობის დაცვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ცდილობენ კონსტრუქციული (გამჭვირვალე/ბაზარზე ორიენტირებული) კაპიტალის მოზიდვას და მიწოდების გლობალური ჯაჭვების გაერთიანებას. გარდა ამისა, შრომის უსაფრთხოების კანონისა და შრომის კოდექსის წარმატებით განხორციელება გადამწყვეტია საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისთვის და წარმოადგენს ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთ წინაპირობას, რაც ბოლო ათწლეულის მანძილზე საქართველოს გეოპოლიტიკურ დღის წესრიგში დგას.
საქართველოს მთავრობამ გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგა შრომის უსაფრთხოების ახალი მოთხოვნების დანერგვის მიმართულებით. თუმცა, ქვეყანაში შრომის კანონმდებლობის რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის საჭიროა უფრო მეტი ძალისხმევა, რაც ნიშნავს იმას, რომ განხორციელების პროცესი უფრო გამჭვირვალე უნდა გახდეს და აღნიშნულ პროცესში უფრო აქტიურად ჩაერთონ დაინტერესებული მხარეები: ბიზნეს საზოგადოება, დასაქმებულები და მათი წარმომადგენელი ორგანიზაციები.
საქართველოში ახალი შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის განხორციელებას ხელს უშლის რამდენიმე ფაქტორი: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების ნაკლებლობა, რეფორმის პროცესში ბიზნეს საზოგადოებასთან არასაკმარისი თანამშრომლობა, სოციალური დიალოგის არარსებობა დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების კუთხით ცნობიერების დაბალი დონე ქართულ კომპანიებსა და დასაქმებულებს შორის. უფრო მეტიც, ბევრი პოსტ-საბჭოთა ქვეყნის მსგავსად, საქართველოს აქვს შრომის უსაფრთხოების დაბალი კულტურა. ამას ემატება ძველი თაობის შრომის ინსპექტორების ცუდი რეპუტაცია კორუფციის და მექრთამეობის მხრივ და ეს საფრთხეს უქმნის კანონის მხარდაჭერასა და საყოველთაო განხორციელებას.
შრომის კანონმდებლობის რეფორმების ეფექტურად განხორციელების მხარდაჭერის, სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და საქართველოში შრომის კულტურის დანერგვის მიზნით, კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრმა საკუთარი ძალები გააერთიანა სოლიდარობის ცენტრთან „შრომის კანონმდებლობის იმპლემენტაციის გაძლიერების და საქართველოში შრომის უსაფრთხოების გაუმჯობესების“ პროგრამის ფარგლებში 2020 წლის ივლისში. ამერიკის შრომის დეპერტამენტის მიერ დაფინანსებული ეს პროგრამა იყო პირველი თანამშრომლობა კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრსა და სოლიდარობის ცენტრს შორის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა შრომის უსაფრთხოების დანერგვა.
პროგრამის ფარგლებში კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრი და სოლიდარობის ცენტრი საქართველოს პროფესიული კავშირების კონფედერაციასთან და ეკონომიკური პოლიტიკის ადვოკატირების კოალიციასთან თანამშრომლობით გამართავს ცნობიერების ამაღლების კამპანიას დასაქმებულებისა და დამსაქმებლებისთვის და ტრენინგებს ჩაატარებს ბიზნეს კომპანიებისა და ბიზნეს ასოციაციებისთვის შრომის ახალ კანონმდებლობასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინიციატივა ასევე მიზნად ისახავს შრომითი ურთიერთობების გაუმჯობესებას სხვადასხვა დონეზე. ეს მოიცავს სოციალურ დიალოგს დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის, ასევე პოლიტიკის შემუშავების საკითხებთან დაკავშირებულ დიალოგს საქართველოს მთავრობას, ბიზნეს ასოციაციებსა და დასაქმებულთა წარმომადგენლებს შორის.
დაფინანსებას უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტი თანამშრომლობითი ხელშეკრულების IL-32531-18-75 K საფუძველზე, სოლიდარობის ცენტრის ქვე-კონტრაქტის ფარგლებში. პროექტის ან პროგრამის მთლიანი ღირებულების 100% ფინანსდება ფედერალური ფონდებით, რაც შეადგენს 580,000 დოლარს.
აღნიშნული ფაქტი აუცილებლად არ ასახავს ამერიკის შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტის შეხედულებას ან პოლიტიკას და არც სავაჭრო მარკის, კომერციული პროდუქტების ან ორგანიზაციების ხსენება გულისხმობს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხრიდან უპირობო მხარდაჭერას.
Published Date: April 22, 2021